2018-08-31



მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა კლასი: VIII

თემა: მათემატიკის გამოყენება ერთი პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად.

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 18, სსსმ საჭიროება არის.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები გამოიყენებენ მათემატიკაში მიღებულ ცოდნას - კერძოდ რაიმე ობიექტის გამოყენებით შეძლებენ სივრცული ფიგურის ზომების გამოთვლას და მიიღებენ გამოცდილებას რეალური პრობლემის გადასაჭრელად.

ამოცანის მიხედვით თუნუქის ქილის ზომების საშუალებით თვითგაანალიზების საფუძველზე დაადგენენ ქილების რაოდენობას ყუთში და გამოთვლიან ყუთის ოპტიმალურ ზომებს მოსახერხებელი ტრანსპორტირებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები:

  1. მოსწავლეებს შეუძლიათ სივრცეში ორიენტირება;
  2. შეუძლიათ დაადგინონ სივრცული ფიგურის ზომები სხვა ობიექტთან მიმართებაში;
  3. ფლობენ ცოდნას სივრცულ ფიგურებზე და შეუძლიათ მათი დალაგება და შეფასება.

ინტეგრირებული უნარ–ჩვევები:

შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი აზროვნების, მიზნის დასახვის, კომუნიკაციის, სხვისი მოსმენის, დავალების გადანაწილების, ურთიერთთანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების უნარები.

სტრატეგიები:

კითხვა-პასუხი, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, პრეზენტაცია და დასკვნის გაკეთება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

რაციონალური რიცხვები, მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები სიბრტყეზე, ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლა სიბრტყეზე. ხარისხი და ფესვი.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება - გაგება გამოყენების დონეზე.

განმსაზღვრელი შეფასება.

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, ფერადი ფლომასტერები, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სასწავლო შემეცნებითი ვიდეო, გრაფიკული გამოსახულება, ამოცანები ბარათებზე, ფლიპჩატი .

აქტივობა №1 - გონებრივი იერიში,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლები შესძლებენ გაიხსენონ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო წინარე ცოდნა.

აქტივობის აღწერა:

ფრონტალური კითხვებით მოსწავლეებს ვახსენებ ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო წინარე ცოდნას კერძოდ წრის რადიუსი/დიამეტრი, წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა, სივრცული ფიგურების ფუძის, გვერდითი ზედაპირის და სრული ზედაპირის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.

აქტივობა №2 - ჯგუფების შექმნა,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრობლემური ამოცანის გადაჭრა თანამშრომლობითი მუშაობის პრინციპით.

აქტივობის აღწერა:

ვირჩევ თითო წევრს ყველა ჯგუფისთვის და ისინი ირჩევენ რიგ-რიგობის პრინციპით ჯგუფში მეგობრებს. თვითონ მოსწავლეები თანხმდებიან ვინ იქნებიან შემდეგი ფუნქციების შემსრულებლები:

  1. ჯგუფის მენეჯერი;
  2. ჩამწერი;
  3. წარმდგენი;
  4. დროის აღმრიცხველი.

ამის შემდეგ სამივე ჯგუფი გამოთქვავს მზადყოფნას ამოცანის გასაცნობად.

აქტივობა №3 - პრობლემის წარდგენა - ამოცანის დასმა,
ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი სწავლება, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრობლემის წარდგენა, ამოცანის გაცნობა მოსწავლეებისთვის.

აქტივობის აღწერა:

ვიყენებ შებრუნებულ საკლასო ოთახს. საშინაო დავალებად ჰქონდათ ვიდეოს ყურება. ჩვენს სამუშაო საიტზე დადებულ ვიდეოს უყურეს, სადაც აღწერილია კოკა კოლას წარმოების, ბოთლებში ჩამოსხმის და ცელოფნით დაფასოების ხაზის მუშაობის პრინციპი (4.37 წთ).

მოსწავლეებს ვახსენებ რომ კოკა კოლას ჩამოსხმა ხდება ბოთლების გარდა თუნუქის ქილებში და წარმოედგინათ როგორ მოხდებოდა ნანახი ვიდეოს საფუძველზე მისი შეფუთვა, ვისმენ მათ მოსაზრებებს და ამის შემდეგ ვიწყებ პრობლემის წარდგენას ამოცანის სახით. დაფაზე გავაკრავ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელზეც გამოსახული არის რამდენიმე სახის ყუთი, რომელშიც დაფასოებულია კოკა კოლას თუნუქის ქილები და მოცემულია კოკა კოლას სხვადასხვა ზომის ქილები ამის შემდეგ მთელ კლასს ვთხოვ მოიფიქრონ კითხვა, რისი გამოთვლა შეიძლება იყოს ამოცანის მიზანი. ვისმენ მათ კითხვებს და თუ არ არის სასურველი კითხვა ვცდილობ კითხვების დასმით ბავშვები მივიყვანო სასურველ კითხვამდე და საბოლოოდ ვაფიქსირებთ მოსაზრებას რომ უნდა ვიპოვოთ რა ოპტიმალური ზომები შეიძლება ჰქონდეს ყუთს, რომელშიც აწყვია თუნუქის ქილები და მოსახერხებელი იქნება ტრანსპორტირებისთის.

შევჯერდით რომ მოსწავლეებმა თანამშრომლობითი მუშაობის პრინციპით უნდა დაადგინონ: თუნუქის ქილების ოპტიმალური ოდენობა ყუთში და იპოვონ შესაბამისი ყუთის ზომები. ჯგუფებს ვურიგებ ამოცანას ბილეთების სახით, სადაც ერთი ყუთი და ერთი კონკრეტული ზომის ქილაა გამოსახული და ვეკითხები რომელი მონაცემის/მონაცემების ცოდნა სჭირდებათ დაფიქსირებულ საკითხზე სრული პასუხის საპოვნელად და ყველა თანხმდება რომ საჭიროა ქილის ზომების ცოდნა, კერძოდ რადიუსი და სიმაღლე.

ვაძლევ ჯგუფებს მათი ამოცანისთვის საჭირო მონაცემებს.

აქტივობა №4 - პრობლემის გადაჭრა,
ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი მუშაობა, 15 წუთი

აქტივობის მიზანი:

ჯგუფებში ყველა ასრულებს თავის მოვალეობას, ეძებენ და პოულობენ საჭირო ქილების რაოდენობას და ყუთის ზომებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს მიცემული აქვთ თუნუქის ქილა - ზომებით. მათ უნდა დაადგინონ მოცემულობის საფუძველზე ყუთის ოპტიმალური ზომა,

რომელშიც დააფასოებდა ორგანიზაცია ქილებს მათი აზრით, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო ტრანსპორტირებისთვის.

თანამშრომლობითი მუშაობის პრინციპით მათ უნდა ააგონ საჭირო ყუთის სივრცული ფიგურა, მოათავსონ სავარაუდო ქილების ოდენობა - სიმბოლურად (ასაგებად იყენებენ სახაზავს, ბოთლების ჩასახაზად ხურდა ფულს), აწარმოონ გამოთვლები და მიიღონ საჭირო ყუთის ზომები. მოამზადონ პრეზენტაცია.

აქტივობა №5 პრეზენტაციების წარმოდგენა ჯგუფების მიერ,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 12 წუთი

აქტივობის მიზანი:

შეძენილი ცოდნის სხვა ჯგუფებისთვის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:

თითოეული ჯგუფის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას და იცავს ჯგუფის მოსაზრებას.

სხვა ჯგუფის წევრები უსვავენ კითხვებს.

თითო ჯგუფი გამოიყენებს 4 წთ-ს.

აქტივობა №6 - განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება,
ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

ვაჯამებ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებ მათ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებ მათ შეცდომებს და წარმატებებს.

ვაკეთებ განმსაზღვრელ შეფასებას. კრიტერიუმები მოცემულია ქვემოთ.

შეფასების კრიტერიუმები
1 2 3 4
ჯგუფმა ვერ დაინახა პრობლემის შინაარსი, ვერ მოახერხა ქილების ოდენობის განსაზღვრა და ვერ დაადგინა ყუთის ზომები. ჯგუფმა ნაწილობრივ დაინახა პრობლემის არსი, ნაწილობრივ დაადგინა ქილების ოდენობა და ვერ მოახერხა პრობლემის გადაწყვეტა. ჯგუფმა კარგად მოახერხა პრობლემის დანახვა, განსაზღვრა ქილების ოპტიმალური რაოდენობა და ყუთის ზომებიც დაადგინა მაგრამ პრობლემის გამოთვლის საბოლოო შედეგის მიღებისას დაუშვა შეცდომა. ჯგუფმა ძალიან კარგად მოახერხა პრობლემის დანახვა, სწრაფად განსაზღვრა ყუთში ქილების ოპტიმალური ოდენობა და ყუთის ზომებიც მოხერხებულად დაითვალა. პრობლემა ძალიან კარგად გადაჭრა.

გაკვეთილი ჩატარდა 5.10.2018 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 120

საიტზე იმყოფება: 3


არქივი

2021-07

2021-06

2021-05

2020-12

2020-11