2021-07-08



მოკლედ ჩემს შესახებ - CV

მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის არდადეგების შემდეგ - მომცეს მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში კვირაში თითო საათი - კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, ვინაიდან მათემატიკას ვასწავლი მაღალ კლასებში და დაწყებითების დაბალ კლასებში გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება არ მაქვს.

დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო რომ სკოლაში არსებობს კომპიუტერული ლაბორატორია - მაგრამ არც ერთი კომპიუტერი არ მუშაობს, ინტერნეტი გვაქვს საკაბელო მხოლოდ ლაბორატორიაში. ჩატარებული მაქვს მხოლოდ 5 გაკვეთილი პირისპირ, შემდეგ გადავედით ონლაინ სწავლებაზე და ჩავატარეთ ოთხი ოცწუთიანი გაკვეთილი, ერთი გაკვთილი დაემთხვა 26 მაისს - დასვენების დღეს, ამის შემდეგ სასწავლო წლის ბოლო კვირას გადავედით პირისპირ სწავლებაზე და ჩავატარეთ კიდევ ერთი გაკვეთილი, სულ ათი გაკვეთილი.

მეორე კლასში ჩატარებული გაკვეთილების მოკლე ანალიზი:

პირველ გაკვეთილს როგორც ცნობილია ყოველთვის გაცნობითი ხასიათი აქვს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა მოკლედ ვისაუბრეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ და გავარკვიე - პირველი, მათი ბუკების ნახევარი გამოსულია მწყობრიდან და მეორე, სკოლაშიც როგორც ზემოთ ავღნიშნე არ გვაქვს შესაძლებლობა მოსწავლეების სწავლების.

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვესაუბრე ინფორმაციის შესახებ, კერძოდ პირობითი ნიშნებით ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება - პირობითი ნიშნების გამოყენებით დაწერეს თავიანთი სახელები და გვარები - წარმოადგინეს ნახატების სახით.

ჩემი საკუთარი ნოუთბუკი წავიღე სკოლაში, ლაბორატორიაში მივაერთე ინტერნეტს და გავმართე პროექტორი. მოსწავლეებს მეორე გაკვეთილზე წარვუდგინე მეორე კლასის კომპლექსური დავალება https://school.emis.ge/ დან - პირობითი ნიშნები. პრეზენტაციის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ საკუთარი ანბანი შექმნა.

მესამე გაკვეთილზე ვისაუბრეთ და პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს ვაჩვენე პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“ - მუშაობა, სურათის შენახვა კომპიუტერში. ზოგადად რა არის ინფორმაცია და რა არის ფაილი, როგორი სახით შეიძლება იყოს ფაილი წარმოდგენილი, მოკლედ ფორმატების შესახებ.

მეოთხე გაკვეთილზე წარვუდგინე მოსწავლეებს კომპლექსური დავალება თემაზე - გრაფიკული რედაქტორი (პროგრამა - Paint), გრაფიკული რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება. გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები. ვისაუბრეთ გეომეტრიულ ფიგურებზე და პროგრამა Paint - ში პროექტორით ვაჩვენე ფიგურების გამოყენებით ხატვა.

ისმება კითხვა - რატომ გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები? - გასულ წელს ამ კლასში, ანუ პირვლე კლასში, ჩემმა დღევანდელმა მეათე კლასის მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით განახორციელეს სოციალური პროექტი - გასაფერადებელი გემომეტრიული ბრტყელი ფიგურები - შექმნეს ინტერნეტში მოძიებული მასალის საფუძელზე ალბომები და გადასცეს კლასს სამუშაოდ. უნდა ავღნიშნო რომ მეხუთე კლასიდან ეს ბავშვები ჩემი მოსწავლეები იქნებიან მათემატიკაში, ამიტომ ვიფიქრე რომ კიდევ ერთხელ მსგავსი პროექტის საშუალებით განიმტკიცებენ წინა წელს მიღებულ ცოდნას მოცემულ საკითხში.

მეხუთე გაკვეთილზე გაკვეთილზე ვაჩნვენე ფუნჯის და ტექსტის ინსტრუმენტების გამოყენება და ვისაუბრეთ როგორ გამოეყენებინათ უკვე მიღებული ცოდნა დავალები შესასრულებლად. ამის შემდეგ გადავედით დისტანციურ სწავლაზე, ამას მოჰყვა უქმე დღეები და ისევ დისტანციური სწავლება გავაგრძელეთ.

დისტანციური სწავლების პირობებში მიგზავნიდნენ ნამუშევრებს და გაკვეთილზე იღებდნენ უკუკავშირს.

ბოლო გაკვეთილი გვქონდა სასწავლო წლის ბოლო კვირას და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით ნამუშევრები და კითხვა პასუხის რეჟიმში უპასუხეს ყველა დასმულ კითხვას.

თემატური მატრიცა, კომპლექსური დავალება -
გრაფიკული რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება

შეფასების რუბრიკა:

  • შენ შექმენი გეომეტრიული ფიგურებით სურათი, მაგალითად სახლი, მანქანა და სხვა; მოახერხე და გააფერადე სასურველი ფერებით; სურათი შეინახე კომპიუტერში;
  • შენ შეძელი და შექმნილ სურათზე მოახდინე ცვლილება, დაამატე კარებს სახელური, დახატე შენი სურვილით ობიექტი/ობიექტები და გააფერადე, გაუკეთე წარწერები - შესაფერისი ფერის და ტექსტის ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • შენ მოახერხე და გამომიგზავნე ჩვენი სამუშაო საიტის საშუალებით სურათი / ან გამიზიარე OneDrive-ის საშუალებით, მიიღე ჩემი უკუკავშირი.

მოსწავლეთა ნამუშევრები:

მასწავლებლის რეფლექსია:

მეორე კლასში შევიტანე კომპლექსური დავალება თემაზე:

გრაფიკული რედაქტორი (პროგრამა - Paint), გრაფიკული რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება. გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები.

მოსწავლეები დიდი მონდომებით მოეკიდნენ დავალების შესრულებას, კარგად აითვისეს პროგრამის ინტერფეისი, ისწავლეს ფიგურების გამოყენებით გეომეტრიული ობიექტების შექმნა, ტექსტთან და ფუნჯთან / ფანქართან მუშაობა.

ვფიქრობ მიზანი მიღწეულია, ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დავალების შესრულებაში, მაგრამ ვისურვებდი მეტი არ მოუწიოთ დისტანციურ პირობებში სწავლა.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04