2020-01-29



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: V

თემა: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება.

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 18, მათ შორის სსსმ 2.

გაკვეთილის მიზანი:

ამოცანების კონტექსტის მიხედვით ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შერჩევისა და შესრულების უნარის გამომუშავება, გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეებს გაუადვილდეთ გამრავლების ოპერაციის შესრულების პროცესი. ნატურალური რიცხვების შეკრებისა და გამრავლების თვისებების განხილვა. შეკრებისა და გამრავლების გადანაცვლებადობის კანონის მნიშვნელობის ახსნა, შეკრებისა და გამრავლებლის ჯუფდებადობის კანონების გამოყენება, გამრავლების განრიგებადობის კანონის გამოყენება შეკრების მიმართ.

გაკვეთილის მიზანი სსსმ 2:

ოცამდე ნატურალურ რიცხვებზე შეკრება - გამოკლების შესრულება, ათიდან უკან თვლა და ორ- ორით თვლა ოცამდე.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადეკვატურ ხერხს.

სსსმ 1 - სტანდარტი

მათ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ხსნის რიცხვის 100-ზე და 1000-ზე გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს; იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას;
  • იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლების მოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს.

სსსმ 2- სტანდარტი

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ", "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  1. მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზ;
  2. შეკრების და გამრავლების თვისებები;
    • შეკრებისა და გამრავლების გადანაცვლებადობის კანონები;
    • გამრავლების დროს ნულის და ერთის თვისება;
    • შეკრებისა და გამრავლების ჯუფდებადობის კანონი;
    • გამრავლების განრიგებადობის კანონი შეკრების და გამოკლების მიმართ;
    • ნულით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება;

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

წიგნი, რვეული, ცარცი, დაფა, პოსტერები - ნულზე დამოკიდებული გამრავლების თვალსაჩინოებები, დავალების ბარათები.

სსსმ მოსწავლეებისთვის მომზადებული მაქვს მათი დონის შესაბამისი დავალებები.

აქტივობა №1 ორგანიზაციული საკითხები, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

სიის ამოკითხვა.

საშინაო დავალების შემოწმება.

წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

შემთხვევითი შერჩევის წესით ვირჩევ მოსწავლეს და ვთხოვ საშინაო დავალების პასუხების წაკითხვას და მოსწავლეები ამოწმებენ/ადარებენ თავიანთ ნამუშევრიდან პასუხებს. იმ მოსწავლეებს, ვინც არასწორი პასუხი მიიღო ან საერთოდ ვერ გაართვა თავი ამოცანას - დაფაზე განვიხილავთ და ესეც იქნება წინარე ცოდნის გააქტიურება.

ვინიშნავ თითოეული მოსწავლის შესრულებული დავალების დონეს და ვითვალისწინებ განმსაზღვრელი შეფასების დროს.

აქტივობა №2 წინარე ცოდნის გააქტიურება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

ამ აქტივობების მიზანია მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება, რაც დაეხმარება დავალების შესასრულებლად საჭირო ცოდნის კონსტრუირებაში.

აქტივობის აღწერა:

ფრონტალური კითხვებით ვიწვევ მოსწავლეებს საპასუხოდ და წინარე ცოდნის გასახსენებლად.

აქტივობა №3 ახალი გაკვეთილის თემა, სამუშაო განრიგის და შეფასების რუბრიკის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებისთვის ახალი ასახსნელი თემის გაცნობა.

შესასრულებელი დავალების მოკლე მიმოხილვა.

შეფასების რუბრიკის განხილვა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვაცნობ შეფასების რუბრიკას, რის მიხედვითაც შეფასდება გაკვეთლზე შესრულებული დავალება.

მოსწავლეებს ვურიგებ დავალებას ვარიანტებად შედგენილს (დანართი 2).

მინი ლექცია დავალების შესრულების შესახებ.

მოსწავლეები მზად ყოფნას გამოთქვამენ სამუშაოს შესასრულებლად.

აქტივობა №4 დავალებაზე მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 25 წუთი.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები მუშაობენ დავალების შესასრულებლად.

მათ ევალებათ ღია დაბოლოებიანი დავალებების შესრულება, გამრავლების კანონების და ნულით დაბოლოებიანი რიცხვების გამრავლების განმარტების ჩამოყალიბება, მათემატიკური ცნებების სწორად დასახელება და გამოყენება. დავალება მოიცავს მასალას წინარე ცოდნიდან და ახალი მასალიდან.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად დავალების შესასრულებლად. მე რიგებში დავდივარ და საჭიროების შემთხვევაში, კითხვებით - ხარაჩოების მეთოდით მოსწავლეებს ვეხმარები თავად გაასწორონ შეცდომა ან გააგრძელონ შეჩერებული მუშაობა. ამ აქტივობების მიზანია, მოსწავლეებმა მოახერხონ ახალი ცოდნის კონსტრუირება (მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება).

აქტივობა №5 გონებრივი იერიში, განმავითარებელი შეფასება, საშინაო დავალება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციასფრონტალური კითხვებით მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცების მიზნით კიდევ ერთხელ ვამოწმებ თუ როგორ აითვისეს ახალი მასალა.

განმავითარებელი შეფასება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაძლევ კითხვებს ახალი მასალიდან.

ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

მიზნობრივი საშინაო დავალების მიცემით მიღებული ცოდნის განმტკიცება.

დავალება სახელმძღვანელო - ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი, გვ. 20 – 3,4,5,6

ნამუშევრების გასწორების შემდეგ - მეორე დღეს ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს ეფექტურ უკუკავშირს და ვაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს.


დანართი 1






გამოყენებული ლიტერატურა

  1. სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
  2. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;

გაკვეთილი ჩატარდა 31.01.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2024-01

2023-12

2023-10