სერია ისტ მათემატიკაში, შედეგები - მოდულის შემცველი ფუნქციები, მეათე კლასი. ამ კლასში არ არის სსმ საჭიროების მქონე მოსწავლე.
თითოეულმა ჯგუფმა მიიღო პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ განმავითარებელი შეფასება და მუშაობის შეფასების შედეგად მიღწეული განმსაზღვრელი შეფასება.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, რომ ისტ-ის გამოყენების პრაქტიკა დამენერგა მოსწავლეებში. ჩანაფიქრი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ თავიდანვე გაკვეთილის მსვლელობაში. მათ ხალისით ააგეს გრაფიკები კომპიუტერის დახმარებით შერჩეულ საიტზე. განსაკუთრებით მოეწონათ ამოცანის გადაწყვეტის პროცესი და სიამოვნებით გააკეთეს პრეზენტაციები.
აგრეთვე გამოვყობდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად ვიპოვე გამოსავალი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. საქმე ეხება ბოლო ერთი აქტივობის მსვლელობას, დროში ვერ ჩავეტიე. მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს, წარადგინეს და შეფასებისთვის 5 წუთზე ნაკლები დრო დაგვრჩა, შეფასება მოხდა სწრაფად, თუმცა შემდეგ გაკვეთილზე მოვახდინეთ ანალიზის გაკეთება.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, უფრო ხარისხიანი და წარმატებული შედეგი იქნება.
არსებობს მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.
