2020-01-31



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: X

თემა: პრობლემის მოგვარება ერთი კონკრეტული ამოცანისთვის

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 10, სსსმ საჭიროება არ არის.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები გამოიყენებენ მათემატიკაში მიღებულ ცოდნას - კერძოდ რაიმე ობიექტის გამოყენებით შეძლებენ სივრცული ფიგურის ზომების გამოთვლას და მიიღებენ გამოცდილებას რეალური პრობლემის გადასაჭრელად.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აპირებს ხილის ყუთების დამზადებას და დაფასოებული ხილის გაყიდვას, საჭიროა ისეთი მუყაოს ყუთის დამზადება, რომ ოპტიმალური ზომებით მივიღოთ ყუთის დიდი მოცულობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედების, წრეების/წრეწირების) მსგავსებას და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა);
  • პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალურ ვითარებაში);

შედეგი:

  1. მოსწავლეებს შეუძლიათ სივრცული ფიგურის, კერძოდ მუყაოს ყუთის და მისი შლილის ვიზუალური წარმოდგენა;
  2. მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთვალონ სივრცული ფიგურის მოცულობა;
  3. მოსწავლეებს შეუძლიათ სივრცული ფიგურის, ყუთის შლილში შეცვალონ ერთი მონაცემი და ამ ცვლილებაზე დამოკიდებული ყველა მონაცემი, შესაბამისად მიიღონ მოცულობის რამდენიმე შედეგი;

მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ სივრცული ფიგურების, კერძოდ მუყაოს ყუთის მოცულობის მიღებულ შედეგებზე და მოახდინონ მათი შედარება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  1. მოცემული ტექსტური დავალების შესასრულებლად მოსწავლეები უნდა ფლობდნენ სივრცულ ფიგურას, კერძოდ მართკუთხა პარალელეპიპედს;
  2. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მოცემული ფიგურის შლილის წარმოდგენა და ურთიერთკავშირი მათი ზომების გათვალისწინებით;
  3. მოსწავლეებმა უნდა შეეძლონ სივრცული ფიგურის მოცულობის გამოთვლა, როგორც ფიგურის წარდგენით ასევე მისი შლილის მიხედვით;
  4. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მითითებული მონაცემის მიხედვით ფიგურის ზომების ცვლილება და შესაბამისი მოცულობის გამოთვლა;
  5. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ლოგიკური მსჯელობა მიღებულ შედეგებზე.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება;

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, ფერადი ფლომასტერები, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სასწავლო შემეცნებითი ვიდეო, გრაფიკული გამოსახულება, ამოცანები ბარათებზე, ფლიპჩატი, ინტერნეტი, სასწავლო საიტი - საშინაო დავალება (გრაფიკული გამოსახულება ამოცანიდან) .

აქტივობა №1 - სიის ამოკითხვა, საშინაო დავალების შემოწმება, წინარე ცოდნის გააქტიურება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა დასწრება, საშინაო დავალება.

წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

წინა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაცნობე, რომ საშინაო დავალება იყო ჩვენს სამუშაო საიტზე განთავსებული, უნდა ენახათ ატვირთული ფაილი და ეფიქრათ იმაზე თუ რა შეიძლებოდა ყოვილიყო მოცემული ინფორმაციის მიხედვით ამოცანის შინაარსი და მთავარი პრობლემა (ფაილი შეიცავს ამოცანის მხოლოდ გრაფიკულ გამოსახულებას).

სწრაფად გადავამოწმებ მოსწავლეებმა ნახეს თუ არა დავალება.

ფრონტალური კითხვებით ვამოწმებ მოსწავლეების წინარე ცოდნას.

აქტივობა №2 - ჯგუფებში დავალების გადანაწილება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

ჯგუფებად ორგანიზება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფები წინასწარ არის შექმნილი დროის დაზოგვის მიზნით, სულ 2 ჯგუფი, ჯგუფებში მონაწილე მოსწავლეები შერჩეულია შერეული დონეენის მიხედვით, ჯგუფში 5 მოსწავლე.

ჯგუფში გათვლილია მოსწავლეები: ლიდერი, ამოცანის ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.

აქტივობა №3 - პრობლემის წარდგენა - ამოცანის დასმა, ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი სწავლება, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრობლემის წარდგენა, ამოცანის გაცნობა მოსწავლეებისთვის.

აქტივობის აღწერა:

ვიყენებ შებრუნებულ საკლასო ოთახს. საშინაო დავალებად ჰქონდათ დავალების შემცველი ფაილი, რომელიც სახლში უნდა ენახათ და ეფიქრათ რა შეიძლება ყოფილიყო ამოცანის შინაარსი. მოსწავლეებმა ნახეს ფაილი, სადაც მხოლოდ ხილის ყუთის სივრცული ფიგურა და მისი შლილი იყო გამოსახული.

მოსწავლეებს ვთხოვ აზრის გამოხათვას, ვისმენ მათი მოსაზრებებს და ამის შემდეგ ვიწყებ პრობლემის წარდგენას ამოცანის სახით.

დაფაზე ვაკრავ იგივე ფაილს, რაც ჰქონდათ გაგზავნილი, ამის შემდეგ მთელ კლასს ვთხოვ მოიფიქრონ კითხვა, რისი გამოთვლა შეიძლება იყოს ამოცანის მიზანი. ვისმენ მათ კითხვებს და თუ არ არის სასურველი კითხვა ვცდილობ კითხვების დასმით ბავშვები მივიყვანო სასურველ კითხვამდე და საბოლოოდ ვაფიქსირებთ მოსაზრებას რომ უნდა ვიპოვოთ რა ოპტიმალური ზომები შეიძლება ჰქონდეს ყუთს, რომ მივიღოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობა ხილის დასაფასოებლად.

შევჯერდით რომ მოსწავლეებმა თანამშრომლობითი მუშაობის პრინციპით უნდა დაადგინონ:

ხილის ყუთის ოპტიმალური ზომა ერთი მონაცემის ცვლილების ხარჯზე, რომ მივიღოთ დიდი მოცულობის ყუთი.

ჯგუფებს ვაძლევ ამოცანას (დანართი 2), სადაც ყველა საჭირო მონაცემი მოცემულია.

აქტივობა №4 - პრობლემის გადაჭრა, ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი მუშაობა, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

ორივე ჯგუფი იწყებს მუშაობას.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს მიცემული აქვთ ხილის ყუთის გრაფიკურლი გამოსახულება, შლილი და ზომები. ნათლად ახსნილი რომელი პარამეტრის ცვლილებით უნდა მიაღწიონ სასურველ შედეგს.

შემდეგ უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.

აქტივობა №5 - პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 8 წუთი

აქტივობის მიზანი:

შეძენილი ცოდნის სხვა ჯგუფებისთვის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:

თითოეული ჯგუფის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას და იცავს ჯგუფის მოსაზრებას.

სხვა ჯგუფის წევრები უსვავენ კითხვებს.

თითო ჯგუფი გამოიყენებს 4 წთ-ს.

აქტივობა №6 - საშინაო დავალება, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

ვაჯამებ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებ მათ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებ მათ შეცდომებს და წარმატებებს.

ვაკეთებ განმსაზღვრელ შეფასებას. კრიტერიუმები მოცემულია ქვემოთ.

ვაძლევ საშინაო დავალებას.


დანართი 1


დანართი 2


გამოყენებული ლიტერატურა

  1. სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
  2. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
  3. გია ნოზაძის მოდულის სამუშაო შეხვედრებზე გამოყენებული სამუშაო მასალა.

გაკვეთილი ჩატარდა 10.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04