2020-02-13



საგანი: მათემატიკა კლასი: V

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 18, მათ შორის სსსმ 2

თემა: მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი, მოდული

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა დაადგინონ მიმართებები ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის, მათი გამოყენებით გამოითვალონ მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი.

მიღებული შედეგები:

მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას სივრცული ფიგურების აგებულების შესახებ. ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს შორის კავშირების შესახებ, გაიწაფებიან ალგებრული გამოსახულებების შედგენისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოთვლაში, განივითარებენ მათემატიკური მოდელირების უნარჩვევებს.

სსსმ 1 მიზანი:

მრავალკუთხა ბრტყელი ფიგურის გვერდების გაზომვა და პერიმეტრის პოვნა.

სსსმ 2 მიზანი:

მრავალკუთხა ბრტყელი ფიგურის წვეროების რაოდენობის განსაზღვრა და გვერდების გაზომვა - დაფიქსირება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.V.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • სივრცული ფიგურის მოდელზე უთითებს პარალელურ და ურთიერთ-თანამკვეთ წახნაგებს. მსჯელობს გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შედეგად.

მათ.V.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • იყენებს ფართობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.

სსსმ-1 სტანდარტი

მათ.IV. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილის შეფასებას შესაბამის სტანდარტულ ერთეულში, ზომავს მას და ამოწმებს თავის ვარაუდს;
  • ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძეს, მრავალკუთხედის პერიმეტრს და აფიქსირებს შედეგს შესაფერის სტანდარტულ ერთეულში;

სსსმ-2 სტანდარტი

მათ.I.6 მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • აღწერს მითითებულ გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ნატურალური რიცხვები და მათზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულება, სიგრძის ერთეულები, ხარისხი, ფართობის ერთეულები, ბრტყელი ფიგურები, კვადრატის ფართობი, მართკუთხედის ფართობი, კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, შეუძლია მართკუთხა პარალელებიპედის შლილისგან მოდელის შექმნა, ზომავს ფიგურებისა და ობიექტების წრფივი ელემენტების სიგრძეებს.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება - გაგება გააზრების დონეზე, მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

შესრულებული სამუშაოს ანალიზის მიხედვით მიცემული რეკომენდაციები.

სასწავლო მასალა და რესურსები:

ფანქარი, კალამი, ცარცი, დაფა, სახაზავი, საშლელი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მრავალწახნაგების მოდელები, კარკასები და შლილები.

დიფერენცირებისას შლილები, კარკასები და მოდელები საჭიროების მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა მზაობის მოსწავლეებთან სამუშაოდ.

№1 გონებრივი იერიში, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

ფრონტალური კითხვებით ვიწვევ მოსწავლეებს საპასუხოდ და წინარე ცოდნის გასახსენებლად.

აქტივობა №2 ამოცანის წარდგენა და სამუშაოსთვის მომზადება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებს ვაძლევ ამოცანას და ვუხსნი დავალების არსს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვურიგებ ყველა საჭირო მონაცემს დავალების შესასრულებლად: დავალება ტექსტის სახით, თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ მართკუთხა პარალელეპიპედის შლილს თითოეულს სხვადასხვა ზომით, ცხრილს სადაც უნდა შეიყვანონ გვერდების გაზომვის და გამოთვლების შედეგად მიღებული სიდიდეები.

მათ შლილი უნდა წარმოადგინონ მართკუთხედებად და იპოვონ მართკუთხედების და მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობი.

მოსწავლეები ემზადებიან სამუშაოდ, იღებენ ჩანთიდან საჭირო ნივთებს და მზად არიან სამუშაოდ.

აქტივობა №3 ინდივიდუალური მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 30 წუთი.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები მუშაობენ დავალების შესასრულებლად.

მათ ევალებათ შედეგად მოდელის შექმნა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები გაზომავენ მართკუთხა პარალელეპიპედის შლილზე გვერდებს, შლილზე ააგებენ მართკუთხედებს, დაწერენ გამოსახულებას ყველა მართკუთხედის ფართობების ჯამის მიღებისთვის და ამრიგად გამოთვლიან მართკუთხა პარალელეპიპედის სრული ზედაპირის ფართობს.

ყველა მონაცემს დააფიქსირებენ წინასწარ გამზადებულ ცხრილში.

შემდეგ თაბახის ფურცელიდან ამოჭრიან შლილს და ააგებენ მართკუთხა პარალელეპიპედის მოდელს.

შედეგი არის მოდელის წარმოდგენა.

აქტოვობის მთელი მსვლელობის განმავლობაში ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებთან.

სამუშაოს მიხედვით მიცემული რეკომენდაციები.

აქტივობა №4 შესრულებული დავალების ჩაბარება, საშინაო დავალება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი.

აქტივობის მიზანი:

შესრულებული დავალების ჩაბარება.

საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები მასწავლებელს აბარებენ შესრულებულ დავალებას.

მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას, სახელმძღვანელო ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი - გვ. 37 12,13 და 14 დავალება.


პროექტი დასრულდა 18.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10